пятница, 1 ноября 2019 г.

„მზა იდეა განათლებაში“ - ქუთაისი izrune.ge-ს ინოვაციებს მასპინძლობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.
შეხვედრას ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ. სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლიდან განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლების სტატუსით შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: თამარ ლაბაძე, ანიკო ხურციძე, სოფიო ბახსოლიანი , ბაია მაჩიტიძე, რუსუდან ბახტიძე, ინგა სოხაძე, ხათუნა ჯამალაშვილი.
პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.
izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.



Комментариев нет:

Отправить комментарий